„გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი“ - ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა. მისი თქმით, უგულავას პოლიტპატიმრობის განსაზღვრისთვის ყველა პირობაა სახეზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარი სტატუსის მისანიჭებლად იყენებენ.
„კლასიკური გაგებით გიგი უგულავა პოლიტპატიმარია. ყველა ის ნიშანი, რომელსაც იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარი სტატუსის განსაზღვრისთვის სახეზეა მის პატიმრობასთან დაკავშირებით“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას პროგნოზირებენ საგარეო პოლიტიკური ექსპერტები. ისინი ამბობენ, რომ ხვალ სტრასბურგში საქართველო-ევროკავშირის ასოცირებასთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრაზე, აუცილებლად დადგება გიგი უგულავას საკითხი და უცხოელი პარტნიორები ქართულ მხარეს საყვედურს და შეშფოთებას გადასცემენ.
„კრიტიკა უკვე არის და ეს გაიზრდება ევროკავშირიდან. რამდენიმე დღეში იქნება ევროპარლამენტის სესია საქართველოსთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე შეფასებებს ველოდები. ეს არის კიდევ ერთხელ ივანიშვილის სიგნალი იმ დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მას არ აინტერესებს მათი აზრი, ის მზად არის კიდევ გადააგდოს ისინი“, - აცხადებს ექსპერტი საგარეო ურთიერთობის საკითხებში გიორგი რუხაძე.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები კი თვლიან, რომ სასამართლომ საქართველოში დემოკრატია დაასამარა, როდესაც უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა. ნაზი ჯანეზაშვილი იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც ამ პროცესში გამოვლინდა.
„ორი მოსამართლე გაბინაშვილიც და თადუმაძეც არის იმ პროცესის ნაწილი, რომელიც წარიმართა ჯერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შემდეგ პარლამენტში დარღვევებით. გაბინაშვილი არის ადამიანი, რომელიც იყო საბჭოს წევრი, რომელიც იყო ლოიალური მურუსიძის მიმართ და იმ მთელი კლანური მმართველობის მიმართ, რომელიც სისტემაშია და ცხადია იგი მოიაზრება ჩინჩალაძის კლანის ერთ-ერთ აქტიურ მხარდამჭერად. ესენი არცხვენენ და ასამარებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას,“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.